პროექტები
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისი საქართველოში:

პროექტის სახელწოდება: ნატო – გუშინ, დღეს, ხვალ. პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოს მასშტაბით 5 რეგიონსი, სულ 10 საჯარო სკოლაში მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სალექციო კურსის შეთავაზება საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე. ლექციები მოსწავლეებს (რომელთა საერთო რაოდენობამ 400 მოსწავლე შეადგინა), ლექცია წაუკითხეს “რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის” მიერ კონკურსის წესით შერჩეულმა სტუდენტებმა (11 სტუდენტი). რომლებიც თითო სკოლაში ორ-ორჯერ იმყოფებოდნენ. პროექტის მიხედვით, თითოეულ სკოლაში გამოცხადა შიდა- სასკოლო კონკურსი, რომელიც გულისხმობდა ტრენერ-სტუდენტების მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და ლიტერატურის შემდეგ მიღებული ცოდნის საფუძველზე თავისუფალი თემის დაწერას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებმაც თავიანთი თემების პრეზენტირება უკვე თბილისში სასტუმრო “ბეტსი”-ში გამართულ ფინალურ კონფერენციაზე მოახდინეს. ტრენერ-სტუდენტებსაც და გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სპეციალური ლიტერატურა. პროექტის მახასიათებლები: სამიზნე აუდიტორიად შერჩეული იქნა, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები. პარტნიორები: 1. ილიას უნივერსიტეტი; 2. საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; 3. ნატოს საინფორმაციო ცენტრი საქართველოში.
ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველოში:

რუსეთი დღეს და მისი მოდერნიზაციის გეგმები – გავლენა რეგიონზე”
ფრიდრიხ ებერტის ფონდის, რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტისა და სტრატეგიულ კვლევების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: “რუსეთი დღეს და მისი მოდერნიზაციის გეგმები – გავლენა რეგიონზე”. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ექსპერტები რუსეთიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. ექსპერტებმა ისაუბრეს რუსეთის შიდა და საგარეო, ასევე, ეკონომიკურ პოლიტიკაში არსებულ გამოწვევებზე. აღნიშნული პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გამომდინარე იმ გარემოებიდან რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისში რუსი და ქართველი საექსპერტო წრეები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ორ ქვეყანას შორის გართულებული სიტუაციის გარშემო განვითარების სცენარებზე ხედვები გაცვალეს.
ევრაზიის თანამსრომლობის ფონდი საქართველოში:

მიმდინარე წლის თებერვლიდან რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტმა და ევრაზიის თანამსრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტების მომზადება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ზოგადად, რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე, რაც ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ან ირიბად ზეგავლენას ახდენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე და დიდწილად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს. რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის მიზანია მაქსიმალური ობიექტურობითა და ყოველგვარი ემოციური განწყობების გარეშე მოამზადოს აღნიშნული პროდუქტი და შესთავაზოს მაყურებელს, როგორც ალტერნატიული ხედვა. პროექტის ფარგლებში უკვე მომზადდა 10 სიუჟეტი რომელიც ინტერნეტ რესურსის გამოყენებით ჩვენს მკითხველსა და მაყურებელს მიეწოდება.
